სამოქმედო გეგმა:
თავი 2

სამართლიანი სასამართლოს უფლება

 

ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის მეორე მიმართულება -სამართლიანი სასამართლოს უფლება“ - მიზნად ისახავს ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას. ეროვნული სტრატეგიის აღსრულებისთვის მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის მეორე თავსაც, შესაბამისად,სამართლიანი სასამართლოს უფლება“ ეწოდა, რომელიც 3 მიზნის, 5 ამოცანისა და 18 აქტივობისგან (საქმიანობისაგან) შედგება.

წარმოდგენილი ანგარიშის ფარგლებში შევეცადეთ შეგვესწავლა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი იმპლემენტაციის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა, ასევე, მასთან მჭიდროდ დაკავშირებული 2017-2024 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგია და სტრატეგიის აღსრულების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა.

სასამართლო სისტემის სტრატეგია დაყოფილია ხუთ სტრატეგიულ მიმართულებად და მთლიანად ფარავს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს. იგი იმდენად ფართოა, რომ მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი რეფორმირებისათვის საჭირო ყველა საკითხს მოიცავს.

პასუხისმგებელ უწყებათა მიერ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების პროგრესის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, წერილობით კომუნიკაციას ვაწარმოებდით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტთან. სამოქმედო გეგმის შეფასების პროცესში ასევე მოვიშველიეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წლიური ანგარიში და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიში (2013-2017 წლები).  

სამთავრობო სამოქმედო გეგმის მეორე თავით გათვალისწინებული 18 აქტივობიდან: სრულად შესრულებულია - 4; ნახევარზე მეტი შესრულებულია - 5; ნახევარზე ნაკლები შესრულებულია - 7; არ არის შესრულებული (თუმცა ამჯერადაც მიმდინარეობს მუშაობა) – 2 შემთხვევაში. მთლიანად მეორე თავის შესრულების პროგრესი შეადგენს 68%-.[1] 

რაც შეეხება შესრულების ხარისხობრივ მხარეს: მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი საქმიანობები, როგორიცაა მართლმსაჯულების 5-წლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და საერთო სასამართლოებში საქმეთა შემთხვევითობის პრინციპზე დაფუძნებული ელექტრონული განაწილების სისტემის დანერგვა, შესრულებულია. შეუსრულებელი რჩება ის საქმიანობები, რომელიც დღემდე მწვავე კრიტიკის საგანია როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, კერძოდ: მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმების პრაქტიკაში დანერგვა, მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმების შემუშავება, მოსამართლეთა საქმიანობის პერიოდული შეფასების სისტემის გაუმჯობესება და მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების დახვეწა. პასუხისმგებელი უწყებების მიერ ზემოაღნიშნული აქტივობების შესასრულებლად გაწეული საქმიანობის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ცვლილებების განხორციელება ჯერჯერობით მათთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ის საქმიანობები, რომელთა განხორციელებაზეც პასუხისმგებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყო, უმეტესწილად არ არის შესრულებული. სამწუხაროა, რომ ინფორმაცია განხორციელებული სამუშაოების შესახებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის კანონით დადგენილი ვადების დარღვევით მოგვეწოდებოდა და ხშირ შემთხვევაში პასუხები დასმულ შეკითხვებზე არ იძლეოდა სრულყოფილ ინფორმაციას.

1. სამოქმედო გეგმის II თავის ზოგადი შეფასება

1.1. სამოქმედო გეგმის II თავის სტრუქტურული პრობლემები და შესაბამისობა არსებულ გამოწვევებთან

სამთავრობო სამოქმედო გეგმის II თავი, მთლიანობაში, შეესაბამება სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს და ითვალისწინებს მთელ რიგ იმ საკითხებს, რომლებიც წლების განმავლობაში იყო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი. თუმცა მართლმსაჯულების სამოქმედო გეგმისაგან განსხვავებით, იგი არ მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: (1) იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი სკოლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსაგან ორგანიზაციული და ფუნქციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას გულისხმობს და (2) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის გაუმჯობესების საკითხები

თავად სამოქმედო გეგმა სტრუქტურულად დაუხვეწავია, მიზნები იმდენად ფართოა, რომ დადგენილი ამოცანები და აქტივობები ვერ უზრუნველყოფს მის სრულყოფილად მიღწევას. რაც შეეხება აქტივობებს, ისინი ძირითადად შეესაბამება დასახულ ამოცანებს და ამოცანის შესრულების ეფექტიანი საშუალებაცაა, თუმცა გვხვდება ისეთი მაგალითებიც, როდესაც ერთ საქმიანობაში გაერთიანებულია რამდენიმე აქტივობა, რომელთაგანაც თითოეული, თავისი მნიშვნელობით, დამოუკიდებელ აქტივობად გამოყოფას საჭიროებს.   

  • პასუხისმგებელი უწყებების რელევანტურობა

საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მე-2 თავის - სამართლიანი სასამართლოს უფლება - შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოებია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს უზენაესი სასამართლო და საერთო სასამართლოები. მიუხედავად იმისა, რომ ორგანული კანონითსაერთო სასამართლოების შესახებსაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებაა, და შესაბამისად, მართლმსაჯულების სამოქმედო გეგმის შემუშავება სწორედ მისი პრეროგატივაა, ერთგვარ გაურკვევლობას ქმნის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საკუთარი სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობის სასამართლო ხელისუფლების ორგანოებისთვის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვისდაკისრება, რადგანაც სასამართლო წარმოადგენს ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოს და გაუგებარია, რა სამართლებრივი საფუძვლით შეიძლება გახდეს იგი პასუხისმგმებელი აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე.

საქმიანობის და ამოცანის შეუსაბამობა მიზანთან

თავად სამოქმედო გეგმა იმგვარად არის შედგენილი, რომ ხშირად იძლევა განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში იმდენად ბუნდოვანია, რომ ძნელია განისაზღვროს, თუ რა ტიპის აქტივობის განხორციელება ეკისრება პასუხისმგებელ უწყებას. ამასთანავე, მიზნები (2.2. მართლმსაჯულების სექტორის შემდგომი რეფორმირება და 2.3 მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის და პროფესიონალიზმის გაზრდა) იმდენად ფართოა, რომ ხშირ შემთხვევაში დასახული ამოცანებისა და საქმიანობების შესრულება შესაძლოა შეესაბამებოდეს, თუმცა კი შეუძლებელია უზრუნველყოფდეს მის მიღწევას.

  • საქმიანობის შესრულების ვადები

მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2016 წლის 21 ივლისს დამტკიცდა, და ფაქტობრივად, 2016 წელს აქტივობების განსახორციელებლად მხოლოდ წლის მეორე ნახევარი იყო დარჩენილი, აღნიშნულ თავში გაწერილი ყველა საქმიანობის ვადად 2016-2017 წლები განისაზღვრა, რაც გვაფიქრებინებს, რომ სამოქმედო გეგმის შედგენის ეტაპზე პასუხისმგებელ ორგანოებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული ხედვა შესრულების რეალისტურ ვადებთან დაკავშირებით. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ აქტივობების გარკვეული ნაწილი, მიუხედავად შესრულების წელიწადნახევრიანი ვადისა, არ შესრულებულა, ან შესრულდა არასრულად.   

1.2. მეორე თავთან დაკავშირებული სხვა რელევანტური სამოქმედო გეგმების შეფასება

სასამართლო სისტემის სტრატეგიის შესრულების სამოქმედო გეგმა (2017-2018) 21 ამოცანის, 68 პროგრამისა და 282 აქტივობისაგან შედგება. სამოქმედო გეგმა სისტემატიზებულია და მოიცავს ხუთივე სტრატეგიული მიმართულების (დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობაანგარიშვალდებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, ხარისხიანი მართლმსაჯულებისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფა, სასამართლო სისტემის ეფექტიანობის უზრუნველყოფა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა) საკითხებს. იგი სრულად ფარავს სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საქმიანობებს, თუმცა სტრუქტურულად ბევრად უფრო დახვეწილია.

განსხვავებულია ორივე სამოქმედო გეგმაში ასახული საერთო აქტივობების  შესრულების ვადებიც. მაშინ როდესაც სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობის შესრულების ვადად განსაზღვრულია 2016-2017 წლები, მართლმსაჯულების სამოქმედო გეგმით მსგავსი აქტივობების შესასრულებლად მითითებულია 2017-2018 წლები, რაც გაუგებარს ხდის, თუ რომელი სამოქმედო გეგმის ვადების დაცვა წარმოადგენს პასუხისმგებელი უწყებისათვის პრიორიტეტს და კიდევ ერთხელ მიუთითებს ორი დამოუკიდებელი სამოქმედო გეგმის არსებობის ირაციონალურობაზემართლმსაჯულების სამოქმედო გეგმით აქტივობების შესრულების ვადად უმეტესად განსაზღვრულია 2017-2018 წლები, თუმცა იმ აქტივობებიდან, რომელთა შესრულებაც სამოქმედო გეგმით 2017 წელს იყო დადგენილი (სულ 67 აქტივობა), და რომლებიც ძირითადად უფრო ტექნიკური ხასიათისაა: სამუშაო ჯგუფების შექმნა, სხვადასხვა მიმართულებით პრაქტიკის შესწავლა, სასამართლო მოხელეთა გადამზადება, უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის და საერთო სასამართლოებში ანალიტიკური განყოფილებების შესაძლებლობების გაძლიერება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა HUDOC-ისთვის მასალის გადმოქართულებით, პრაქტიკული სახელმძღვანელოების შემუშავებით და გავრცელებით და სხვა, ფაქტობრივად შესრულებულია

თავად ის ფაქტი, რომ სასამართლო სისტემისათვის არსებობს ორი დამოუკიდებელი სამოქმედო გეგმა, რომელზეც ერთი და იგივე უწყებები არიან პასუხისმგებელნი, სადაც რიგი აქტივობები ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა განსხვავებულია მათი შესრულების ვადები, გარკვეულ გაუგებრობას ქმნის. მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს ერთი მართლმსაჯულების სამოქმედო გეგმა, რომელსაც შეიმუშავებს და განახორციელებს პასუხისმგებელი უწყება, ხოლო სამთავრობო სამოქმედო გეგმაში უნდა აისახოს სამართლიანი სასამართლოს უფლების ის ნაწილი, რომლის შესრულებაზეც პასუხისმგებელია აღმასრულებელი ხელისუფლება. სამოქმედო გეგმის ერთიანობის მიზნით, მართლმსაჯულების სამოქმედო გეგმა შესაძლოა მთლიანად გადმოვიდეს და აისახოს სამთავრობო სამოქმედო გეგმაში, თუმცა ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების სამოქმედო გეგმაზე პასუხისმგებელი უწყებები პასუხისმგებელნი არ უნდა იყვნენ მთავრობის წინაშე.

ზოგადი რეკომენდაციები:

  1.  სამოქმედო გეგმის სასამართლოს ნაწილში იმ აქტივობების გათვალისწინება, რომელთა შესრულებასაც შესაბამის პერიოდში ითვალისწინებს მართლმსაჯულების სამოქმედო გეგმა, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ორი განსხვავებული სამოქმედო გეგმის თავიდან ასაცილებლად; 
  2. სამთავრობო სამოქმედო გეგმაში პასუხისმგებელი უწყების მითითებისას, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის გათვალისწინება, ისევე როგორც იმის, რომ სასამართლო ხელისუფლება არ იქნეს მითითებული აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე პასუხისმგებელ უწყებად;
  3. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნები იყოს უფრო კონკრეტული და გაზომვადი;
  4.  მიზნების მისაღწევად დადგენილი ამოცანების მკაფიოდ გაწერა ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად, ასევე, მიზნის მისაღწევად დადგენილი საქმიანობის შესრულების შესაფასებლად გამოსაყენებელი ინდიკატორები აფასებდეს არა მხოლოდ დასახული საქმიანობის შესრულებას, არამედ ისე უნდა დაკონკრეტდეს, რომ შესრულებული საქმიანობის როგორც რაოდენობრივად, ისე თვისებრივად (ამოცანასა და მიზანთან კავშირში) შეფასების საშუალებასაც იძლეოდეს;

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:

  1. დაიცვას საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის კანონდებლობით დადგენილი ვადები
  2. დახვეწოს მოსამართლეთა საქმიანობის პერიოდული შეფასების არსებული ხარვეზიანი სისტემა;
  3. დროულად შეიმუშაოს მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმები;
  4. შეიმუშაოს მოსამართლეთა ეთიკის კოდექსთან დაკავშირებული წინადადებები;   
  5. უზრუნველყოს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული აქტივობების დროული და ეფექტიანი შესრულება.

 


[1]  იხილეთ სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მეთოდოლოგია https://bit.ly/2szcofw


თავის მიზნები

მიზანი 2.1
სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება გამოკვეთილი მიზნებითა და პრიორიტეტებით

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
მიზანი 2.2
მართლმსაჯულების სექტორის შემდგომი რეფორმირება

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
მიზანი 2.3
მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის და პროფესიონალიზმის გაზრდა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა